ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში FlyArystan-მა ალმათის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ალმათი - არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ალმათის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ავიაკომპანიის წარმომადგენლები, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრნენ. პირველ რეისს ყაზახეთიდან 175 მგზავრი ჩამოჰყვა.

,,FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატა უკვე დღეიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“,
- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

ინფორმაციის თანახმად, ალმათის გარდა, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 135,000 მგზავრს მოემსახურა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები