დამნაშავედ ცნეს პირი, რომელმაც ადამიანი მოკლა, ცხედარი კი ნაგვის ურნასთან დატოვა
ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს პირი, რომელმაც ადამიანი მოკლა, ცხედარი კი ნაგვის ურნასთან დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა:

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე
დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა,“
– აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა:

„ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს“
— ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლომ ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები