დასავლეთში დაიღალნენ იმის მოსმენით, თითქოს საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობთ - კალიურანდი
ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულების, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევებისა და იმ მტკიცებების გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც თითქოს დასავლეთში გარკვეული პირები საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობენ.

მარია კალიურანდმა ამ საკითხებზე ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ისაუბრა. დისკუსიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობდა.

„ორიოდე დღის წინ წავიკითხე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი აცხადებდა, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80%-ია უკვე შესრულებული და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე.

ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ შეფასებებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისა და დასავლელი პარტნიორებისგან.

წლების წინ საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული, ფრაგმენტული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ მნიშვნელოვან სფეროში“,
– განაცხადა კალიურანდმა.

შემდეგ ევროპარლამენტარმა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის ბრალდებებზე ისაუბრა და საქართველოს მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ დასავლეთში დაიღალნენ ამ მტკიცებების მოსმენით.

„ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ [საქართველოს] ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებისგან იმ მტკიცებების მოსმენით, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. მცდელობა, ჩავითრიოთ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტში.

ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვინდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. არც ერთ თქვენს მეგობარს არ ჰქონია არც ერთხელ სურვილი, რომ სხვა ჩაეთრია სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“,
– განაცხადა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარის თქმით, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ მისი პოლიტიკური ნაბიჯების გამო და არა იმიტომ, რომ „სოხუმიდან რუსული ჯარი არ გაუძევებია“.

„საქართველო [უკრაინას და მოლდოვას] ჩამორჩება პოლიტიკური სამართლიანობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დაშინების, დასავლელი პარტნიორების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ სიძულვილის ენის გამო.

ჩამორჩება პოლიციის სისასტიკის გამო, რაც გამოიჩინეს „უცხოელი აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის მიმართ. რადგან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ირწმუნება, რომ ლგბტ პირთა უფლებების ადვოკატირება მიმართულია, ვციტირებ „უმრავლესობის წინააღმდეგ უმცირესობის ძალადობისკენ“.

რადგან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია აჩვენებს მთავრობის ჯიუტ უარს შეუსაბამოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის სანქციებს და ასევე ახლახან რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი პირდაპირი ავიამიმოსვლის გამო.

დღეს საქართველო გზაჯვარედინზე დგას და როგორც აღვნიშნე, შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს არჩევანი ორ გზას შორის: ერთი ევროკავშირში მომავლისკენ მიდის, მეორე – უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა.

თქვენზეა მომავალი თაობების წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები, არ არის მხოლოდ მშპ-ის ზრდა“,
– განაცხადა კალიურანდმა.

მოგვიანებით, მარინა კალიურანდს დისკუსიაზე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ. დეპუტატმა ევროპარლამენტარს წინა ხელისუფლების მმართველობის წლები შეახსენა და განაცხადა, რომ მაშინ დასავლელი პარტნიორები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებს ასე არ აკრიტიკებდნენ. ასევე ბითაძემ თქვა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში პოლარიზაციას უწყობენ ხელს.

ამის საპასუხოდ, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და დაანებოს ხელის სხვისკენ გაშვერას.

„ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია პოლარიზაციას ზრდის საქართველოში. ჩემი რჩევაა, ნუ აბრალებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და ნახეთ, რა შეგიძლიათ, რომ უკეთ გააკეთოთ“, – განაცხადა კალიურანდმა.

მან მაგალითად მოიყვანა ღარიბაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუც, რომელშიც პრემიერი ამბობდა, რომ ევროპარლამენტს საქართველოს ომში ჩართვის ხილვა სურს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები