აშშ საქართველოს 5 ქვეყანას შორის ასახელებს, რომლებიც სანქციების არიდების პრობლემას ქმნის - Politico
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის თქმით, ვაშინგტონში გამოავლინეს 5 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რომლებიც რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან. – ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Politico-ს დღევანდელ მიმოხილვაში წერს.

როგორც Politico-ს მიმოხილვის ავტორი ჯეიკობ ჰანკე ველა წერს, მასთან საუბარში ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ომის საწარმოებლად საჭირო მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი რუსეთში ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთი უკეთ ახერხებს სანქციებისგან თავის არიდებას.

ო’ბრაიენის თქმით, ევროპული კომპანიები ამ პროდუქციას ჰყიდიან ქვეყნებში, რომლებსაც ის, თავის მხრივ, რუსეთში გააქვთ. ძირითადად, საუბარია ჩიპებზე, პროცესორებსა და ინტეგრირებულ მიკროსქემებზე, რომლებიც თანამედროვე იარაღისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ამ წლის დასაწყისიდან რუსეთმა მოახერხა, რომ ელექტრონული საქონლის ძირითადი კატეგორიების იმპორტი ომამდელ მდგომარეობამდე აეყვანა“, –
ციტირებს Politico ჯიმ ო’ბრაიენის სიტყვებს.

როგორც Politico წერს, ო’ბრაიენის თქმით, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მხრიდან თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სომხეთი.

ევროკავშირის ქვეყნები ამჟამად მუშაობენ სანქციების მე-11 პაკეტზე, რომელიც მიმართული იქნება სწორედ რუსეთისგან სანქციებისთვის თავის არიდების შემზღუდავ მექანიზმებზე.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები