ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს
ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ტრანსპორტირების დეპარტამენტში განაცხადეს.

ამავე უწყების თანახმად, მატარებელი შესაძლოა, საძილე ტიპის სამგზავრო ვაგონებით იყოს აღჭურვილი, რომელსაც Stadler Rail Group-ი დაამზადებს.

დეპარტამენტის ცნობით, იდეის განხორციელება სახელმწიფოთაშორისი სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში იგეგმება.

ცნობისთვის, საქართველოდან თურქეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ხორციელდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და ის 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. რკინიგზის სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის, 246 კმ საქართველოს, 79 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

ცნობილია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის რეკონსტრუქციის დასაჩქარებლად ბაქომ ორიოდე თვის წინ ახალი კონტრაქტორები მიიზიდა და დამატებითი დაფინანსებაც კი გამოყო. ეს სამუშაოები მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში ასევე 2017 წელს შევიდა. რკინიგზა მთიანი და ტყიანი უბნების რთულ რელიეფზე გადის.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები