საწვავის ფასი ახლო მომავალში შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს
შესაძლებელია ახლო მომავალში 10 თეთრამდე კიდევ გაიზარდოს საწვავის ფასი, გამომდინარე რუსეთში არსებული სიტუაციიდან და რა გვიჯდება სხვა წყაროდან საწვავის შემოტანა, თუმცა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია, არ არსებობს ეს, მხოლოდ მოლოდინებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში საწვავი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში.

„მხოლოდ ერთი მიზეზი
აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა. ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, რა იქნება ხვალ, მე დავიტოვებ მოლოდინს, რომ შესაძლებელია კიდევ მოიმატოს, მაგრამ შეიძლება დაიკლოს, ასეთი არითმიები სანავთობო ბაზარს ყოველთვის თან ახლავს“,
- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები