კონკურენციის სააგენტოს ჯარიმის გასაუქმებლად საწვავის 5-ვე კომპანიამ სასამართლოში დავა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ საწვავზე მაღალი ფასების შენარჩუნებისთვის 5 კომპანია 4 მლნ-მდე ლარით მიმდინარე წლის აგვისტოში დააჯარიმა.

„საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს "ლუკოილ-ჯორჯიას," სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას," შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას," (გალფი), შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" და შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა,"
- ეწერა სააგენტოს განცხადებაში.

მაშინ, კომპანიები კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ დაეთანხმნენ და მიიღეს გადაწყვეტილება დავა სასამართლოში გაეგრძელებინათ.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროცესი 1 თვის შემდეგ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში უკვე ხუთივე კომპანიამ შეიტანა, თუმცა ამ დრომდე განხილვა არ დაწყებულა.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები