აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე ჯერზე დაჯარიმდება
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება. ამასთან, კანონპროექტით, კანონდამრღვევი გაფრთხილების ნაცვლად, პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი. ცვლილებამდე ჯარიმა იურიდიული პირისთვის, ამ შემთხვევაში, შეადგენდა 500 ლარს.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი(იყო 300 ლარი), ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი(იყო 1000ლარი).

მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10 000 ლარით.

ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებსა და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე და რეგლამენტში გათვალისწინებულ სხვა გამონაკლის შემთხვევებზე.

პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები 16 ნოემბერს შეიტანა. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერიდან მე-15 დღეს ამოქმედდება.
წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები