„აუცილებელია, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ლეგალიზაციის აბსოლუტურად უაზრო პროცესი“
2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა, ამნისტია გავრცელდება და მოქალაქეებს საკუთრების დაკანონების შესაძლებლობა ექნებათ. ინიციატივა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ვის შეეხება ამნისტია და როგორ აისახება უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ინიციატივა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დილის პალიტრა“ სამშენებლო სფეროს სპეციალისტმა, უჩა ზაქაშვილმა ისაუბრა.

„ამნისტიის გამოცხადება სავარაუდოდ, უკავშირდება დღემდე არსებულ მანკიერ
პრაქტიკას, როცა საჯარო რეესტრი მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ახდენდა მათ შორის უკანონო სახლების რეგისტრაციას. რაც შემდეგ ქმნიდა უამრავ პრობლემას, რადგან კეთილსინდისიერი მყიდველები, ანუ ისინი, ვინც ენდნენ საჯარო რეესტრის დოკუმენტაციას, მოგვიანებით ხდებოდნენ ხოლმე სხვადასხვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ადრესატები. მათ შორის მუნიციპალური ინსპექციის მხრიდანაც ხდებოდა მათი სანქცირება.

ეს პრობლემა მრავალი წელია არის ქვეყანაში და ჩემი პირადი მოსაზრებით, სამშენებლო ამნისტია უკავშირდება საჯარო რეესტრისვე მანკიერი პრაქტიკის გასწორებას. თუმცა, ამაში არა მხოლოდ კერძო სახლები მონაწილეობენ, არამედ ნებისმიერი უძრავი ქონება, რადგან წლების განმავლობაში საჯარო რეესტრი ასე ბრმად არეგისტრირებდა, მხოლოდ უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ქონებებს. შემდგომში კი, სამოქალაქო ბრუნვის შედეგად კეთილსინდისიერ შემძენებს ექმნებოდათ დიდი პრობლემები. ახლაც სასამართლოში არაერთი ასეთი დავაა. ცხადია, ეს პრაქტიკა იყო გამოსასწორებელი. იმისთვის, რომ ამ ინიციატივამ რეალურად შეცვალოს და გამოასწოროს ფონი, მნიშვნელოვანია რა სახით იქნება მიღებული ამნისტია. ჯერ, მხოლოდ იდეა არსებობს.

ამნისტიის ეფექტურობისთვის აუცილებელია ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ლეგალიზაციის აბსოლუტურად უაზრო პროცესი. სახელმწიფო დღეს აკანონებს იმ შენობა-ნაგებობას, რომლებიც 2007 წლის 1-ელ იანვრამდე აშენდა. საერთოდ აბსურდია, რამენაირად დაადგინო, როდის აშენდა ან რასთანაა კავშირში ეს თარიღი. უბრალოდ, მაშინ მიიღეს და შემდეგ დარჩა საორიენტაციოდ. იმედია, ახალი ამნისტია ამასაც გააუქმებს, რადგან, ეს რეგულაციები აჩენდა კორუფციის საფრთხეს“,
- განაცხადა „დილის პალიტრაში“ უჩა ქაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ეს ინიციატივა მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება და იმ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა, რომლებიც მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე აშენდება. რაც შეეხება იმ სახლებს, რომლებიც 1-ლი იანვრის შემდეგ აშენდება, მათ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას პროექტი აღარ ითვალისწინებს.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345