საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMCG
ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, მათივე ცნობით, 2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების ოდენობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელი მაღალია, ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. 2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების მოცულობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2022 წელს საქართველო ფულადი გზავნილების მოცულობით, როგორც მშპ-ს წილი, 24-ე ადგილზე იყო მსოფლიოში და მეორე ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთის შემდეგ.

ფულადი გზავნილების მოცულობის უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროებთან (ექსპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საერთაშორისო მოგზაურობა) შედარება ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში ფულადი გზავნილები საშუალოდ 23%-ით აღემატებოდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. თუმცა 17%-ით ჩამორჩებოდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და 45%-ით ექსპორტის მოცულობას.

2020 წლიდან, როდესაც COVID-19-ის კრიზისის დროს საერთაშორისო ტურიზმიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, ექსპორტის შემდეგ ფულადი გზავნილები უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას ფულად გზავნილებზე.

2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, ზრდამ 196%-ს მიაღწია. ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს (86%). 2022 წელს ფულადი გზავნილების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის თვალშისაცემმა მატებამ (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდე). სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში რუსი იმიგრანტების დიდ ნაკადს უკავშირდება.

2013 წლიდან 2021 წლამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი ფულად გზავნილებში საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 26%-დან 41%-მდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილის ზრდა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებული სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებით და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობის ზრდით. თუმცა, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების მკვეთრი ზრდის გამო, ევროკავშირის წილი 24%-მდე დაეცა,“
-აღნიშნულია PMCG-ს კვლევაში.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები