ძლიერმა შტორმმა ზღვისპირა რეგიონებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა შტორმმა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რეგიონებში პრობლემები შექმნა. ბათუმში თითქმის 8-ბალიანი შტორმი იყო, რის შედეგადაც დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა.

ქობულეთშიც ძლიერი შტორმი იყო. წყალი ჯებირებმა ვერ შეაკავა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იყო საფრთხე წყალი სკოლაში შესულიყო, რის გამოც სასწავლო პროცესი შეაჩერეს.

ძლიერი წვიმა იყო ფოთშიც, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს კოსტავას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. დააზიანა ეზოში მდებარე ავტომობილები. ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ სახლები, სტიქიით მიყენებული ზარალი კი დიდია.

„წვიმა წამოვიდა, გადახსნა სახურავი… რემონტი ახალი გაკეთებული მაქვს და სულ დამიზიანა, მანქანა თავისთავად დამიზიანა, თუ მოიმატა წვიმამ უარესობა იქნება”. – ამბობს ადგილობრივი.

ზღვისპირა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ამბობენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებდნენ.

შტორმი იყო ანაკლიაშიც. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურა, ასევე, დაზიანებულია ამფითეატრის შენობა.

ძლიერი შტორმი იყო ოკუპირებულ გაგრაშიც. სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა. ძლიერი შტორმის გამო გაგრაში სანაპიროსთან ახლოს მდებარე შენობები და ქუჩებია დატბორილი.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები