თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში 8000-მდე აივ ინფიცირებული ცხოვრობს - მიზანია, ინფიცირებულთა 95% გამოვავლინოთ, მათგან 95% მკურნალობაზე დავითანხმოთ და ყველა ნამკურნალევის 95%-ში ვირუსის განულებას მივაღწიოთ
საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან.

„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით საქართველომ მიაღწია იმას, რომ თავიდან აიცილა შიდსის მასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით ჩვენი ბევრი მეზობელი ქვეყნისგან. 2025 და 2023 წლისთვის მიზანია, რომ ყველა აივ ინფიცირებულის 95% გამოვავლინოთ. ყველა გამოვლენილის 95% უნდა დავითანხმოთ მკურნალობაზე და ყველა ნამკურნალევის 95%-ში უნდა მივაღწიოთ ვირუსის განულებას.

დღეს ჩვენთან ყველა აივ ინფიცირებულის 83% გამოვლენილია, იცის, რომ აქვს აივ ინფექცია და ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. ამ 83%-დან 86% დათანხმდა მკურნალობას და მკურნალობს ყველა წესის დაცვით და იმათგან, ვინც მკურნალობს, 92% განკურნებული მთლიანად არ არის, მაგრამ ვირუსი განულებულია და ის, პრაქტიკულად, ჯანმრთელია“,
- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო შიდსთან ბრძოლის კუთხით უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის.

„მოგეხსენებათ, შიდსი, მიუხედავად იმისა, რომ მის მართვაში სერიოზული წარმატებებია მიღწეული და მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა ახალი ინფექციები, რომელმაც დროებით მეტი ყურადღება მიიპყრო, ვგულისხმობ კოვიდს, მაინც რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მსოფლიო მედიცინისთვის, რამეთუ ის ჯერჯერობით არ არის განკურნებადი, თუმცა ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული და ის სასიკვდილო დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად გადაიქცა. თუ შიდსით დაავადებულს სწორად მართავთ და თვითონ პაციენტიც თავის თავს უვლის, რეალურად, ის მთელი სიცოცხლე ისე იცხოვრებს, როგორც ჯანმრთელი ადამიანი. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეს მიღწეულია და საბედნიეროდ, საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, საქართველო უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ჩვენთან აივ ინფიცირებული პაციენტები აბსოლუტურად არ არიან შეზღუდული, ისინი ინტეგრირებული არიან სრულფასოვან ცხოვრებაში, მსახურობენ, ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ“
, - აღნიშნა ცერცვაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები