საქართველოში მედიკამენტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი 5 კომპანიიდან 2 აზერბაიჯანელ ინვესტორს ეკუთვნის
მიმდინარე წელს, 10 თვეში საქართველომ 457,4 მლნ ლარის მედიკამენტები შეიძინა, რაც 117,3 მლნ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან იანვარ-ოქტომბერში მედიკამენტების იმპორტმა 340,1 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, წელს შემოსული წამლებიდან 12,217 მლნ აშშ დოლარი დაუფასოებელ მედიკამენტებზე მოდის, 445,229 მლნ ლარის კი დაფასოებულზე.

საქსტატის მონაცემებსა და სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას იმ ტოპ-5 კომპანიის შესახებ, რომლებმაც წელს მედიკამენტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განახორციელეს.

  • სს გეფა - კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% - ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% - მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია (წყარო - reportal.ge). დირექტორია ანდრო თევზაძე.
  • შპს აბულფარმ -სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია.
  • შპს შოთაფარმ - აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კვლავ აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია, რომელიც ზემოთნახსენებ აბულფარმს ფლობს.
  • შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის 67% ეკუთვნის პაატა კურტანიძეს, 33% კი ნიკოლოზ კურტანიძეს. ავერსი-ფარმას გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
  • შპს პსპ ფარმა - კომპანიის 95% ეკუთვნის დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს, ამჟამად წილის მმართველია ვაჟა ოქრიაშვილი, 5% კი თენგიზ ჯამელაშვილს. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი. ცნობისთვის, ხუთეული არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები