პრეზიდენტმა კამპანიის დახურვაზე მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები და ელჩები მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრის ქვეყნების ელჩებს გადასცემს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები-მინისტრები.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდისას განაცხადა.

„აქ მოვა მთელი დიპლომატიური კორპუსი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და მე მათ გადავცემ შეგროვილ ხელმოწერებს. ძალიან კონკრეტული წარმოდგენა მაქვს, ეს როგორ მოხდება. ამ ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან, — ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ყველა მოწვეულია, — საქართველოს ხელისუფლების მონაწილეები, პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს გზაში ევროპისკენ. ეს არის ის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია, ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ წარმატებული“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხით უცებ ყველა ერთ აზრზე შეჯერდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს პატივი ვცეთ იმ დონეზე, რომ ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ, ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები, ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები, არამედ თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში გავჩუმდეთ და შევირგოთ ის, რაც, ალბათ, იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანიის ფარგლებში იგი რეგიონებში მართავს შეხვედრებს, რომელსაც, ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები