საქართველოში 23 ათასზე მეტი VAZ-ის მარკის ავტომობილია - “რთულია ვისაუბროთ ავტომობილების ზუსტ რაოდენობაზე, ბევრი მათგანი დაშლილია, გაყიდულია ნაწილებად და კვლავ ხვდება რეგისტრაციაში”
2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული. მაშინ როცა, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობა 1 563 165 იყო. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ტოპ-ათეულში VAZ-ის მარკის ავტომობილებიც გვხვდება. მაგალითაც, ათეულში მე-4 ადგილზეა VAZ 21063, რომელთა რაოდენობაც 23 101 შეადგენს.

სფეროს ექსპერტები, სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიას იწუნებენ და აღნიშნავენ, რომ სისტემა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ძალიან რთულია ქვეყანაში ავტომობილების ზუსტ რაოდენობაზე საუბარი.

„ძალიან კარგია, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გარკვეულწილად შექმნა პლატფორმა, სადაც ტრანსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები განთავსდა, მაგრამ კვლავ პრობლემად რჩება სტატისტიკის წარმოების მეთოდიკა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს იმ ინფორმაციას, რასაც აწვდის მაგალითად შინაგან საქმეთა საინისტრო და საქმეც იმაშია, რა მონაცემები აქვს და აწვდის შსს?

ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილების რაოდენობა დღეს კი არის 1 700 000-მდე, მაგრამ მაინც არავინ იცის, გზებზე საბოლოოდ რამდენი ავტომობილი გადაადგილდება. ავტომობილების რეგისტრაციიდან მოხსნა სავალდებულო პრაქტიკულად არ არის და ეს სისტემა მოუწესრიგებელია.

ძალიან ბევრი ავტომობილი დაშლილია, მაგალითად ელიავას ბაზრობაზე, გაყიდულია ნაწილებად და კვლავ ხვდება რეგისტრაციაში. შესაბამისად, ძალიან რთულია ვისაუბროთ ავტომობილების ზუსტ რაოდენობაზე. პრობლემა არის თავად სტატისტიკის წარმოებაში, ძველი სტატისტიკის გამოსწორებაში და "ჩამოწერილი" ავტომობილების რეგისტრაციიდან მოხსნაში,“
- განაცხადა "გრინლაით კონსალტინგის" დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები