რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელი დავალიანება 133.4 მილიონ ევრომდე გაეზარდა
რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელი დავალიანება 133.4 მილიონ ევრომდე გაეზარდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა, 5-7 დეკემბერს გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო კვარტალურ შეხვედრაზე.

კერძოდ, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის აპრილში დაადგინა, რომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა სამი თვის განმავლობაში. თუმცა, როგორც ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთს ეს თანხა არ გადაუხდია.

"ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ არანაირი გადახდა არ განხორციელებულა და რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, შეადგენს დაახლოებით 133,4 მილიონ ევროს," - ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, თანხა დაუყოვნებლად გადაიხადოს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები