NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62%-ის აზრით, საქართველოში არც ერთი პარტია მათ ინტერესებს არ გამოხატავს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

უფრო კონკრეტულად, NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“, გამოკითხული პირების 62% პასუხობს - „არა“. 29% კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. 7% ამბობს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს. აღნიშნული სტატისტიკის განაწილება მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით კი აჩვენებს, რომ რწმენა, რომ მათ ინტერესებს ერთი პოლიტიური პარტია მაინც გამოხატავს, შედარებით მაღალია დიდ ქალაქებში, 55+ ასაკობრივ ჯგუფსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში.

კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე მხარდამჭერი, თითქმის ყოველი მეორე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები