თელავის საქალაქო სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ორი
თანასოფლელი მოკლა.
შემთხვევა 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ველისციხელში მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ კაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა
ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული
შერაცხადობა დაუდგინდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ
ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე
გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლის ლ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას. ასევე, 236-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში –
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვა, ტარება.