საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პირველ
საჯარო განცხადებას აკეთებს თანამდებობის დატოვების შემდეგ.
სამინისტროში მუშაობისას საკუთარ მიღწევებზე საუბრის დაწყებამდე, ის
მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც იგი
მინისტრად დანიშნა.
"გულწრფელი მადლობა მსურს გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს
4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის
შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ
ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის
სამინისტროში...
ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც
არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა", -
აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და მადლობას უხდის საკუთარ
გუნდსაც.
ზურაბ აზარაშვილი მინისტრობის პერიოდში საკუთარი მიღწევებიდან შემდეგს
გამოყოფს:
- თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების ქვეყანაში
შემოტანაზე გადაწყვეტილება;
- საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის
ერთიანი ტარიფების დადგენა (დრჯ);
- ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო
შესყიდვა;
- ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის
შესაძლებლობა;
- დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის
გაზრდა.
სწორედ მიღწევებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა "რესპუბლიკურ
საავადმყოფოზე", რომლის დანგრევის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება მისი
თანამდებობიდან გადადგომა:
"თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი
პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი
დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა
მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა".
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდანაა თავისუფალი. ამ დღეს,
10:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს
აცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას
ტოვებდა.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა,
რომ მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და
ახსენა "რესპუბლიკური საავადმყოფო".
საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის
პრემიერ-მინისტრობის დროს მიიღეს. იგი კლინიკის თანამშრომელთა დიდი
ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება
პრემიერად მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში შეცვალა.