პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: თუ არ მოაწერს ხელს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, მაშინ მე მოვაწერ
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ხელს არ მოაწერს, ამას ორშაბათს, 25 მარტს თვითონ გააკეთებს.

"რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე
მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო."
- აღნიშნა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე არსებული კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.

ხოლო 19 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა - შედეგად, უმრავლესობამ ვეტო დაძლია.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123