აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში სინგაპურის დროშის ქვეშ
მცურავი სატვირთო გემი
DALI ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს 26 მარტს დაეჯახა და
ჩამოანგრია.
ამ დროისთვის ბალტიმორის პორტში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები
მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მყვინთავები წყალში ჩაცვენილ ექვს
მუშას ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 6 პირი ხიდზე გზის სარემონტო
სამუშაოს ასრულებდნენ, როდესაც გემი ხიდს დაეჯახა.
მერილენდის შტატის პოლიციამ და აშშ-ს სანაპირო დაცვის მაღალჩინოსნებმა
განაცხადეს, რომ შემცირებული ხილვადობისა და ძლიერი დინებების ფონზე,
სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. შედეგად, წყალში
მოხვედრიდან 18 საათის შემდეგ, მუშების ძებნა დროებით შეწყდა.
ოთხშაბათს ადგილობრივი დილით 6 საათზე კი პოლიციის პოლკოვნიკმა როლანდ
ბატლერმა განაცხადა, რომ დაკარგული ექვსი პირის გადასარჩენად უფრო
დეტალური ძებნის სამუშაოები განახლდა.
თუმცა, სანაპირო დაცვის მაღალჩინოსნის შენონ გილრეთის თქმით, "არ
გვგონია, რომ ამ [დაკარგული] ინდივიდებიდან რომელიმეს ცოცხალს
ვიპოვით".
მანამდე, მაშველებმა წყლიდან ორი მუშა ამოიყვანეს, რომლებიც ამავე
სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში
გადაიყვანეს.