საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House გმობს რუსულ კანონს და
მიმდინარე რეპრესიებს, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მოუწოდებს
საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი, ხოლო აშშ-ს,
ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს, გაერთიანდეს როგორც რეპრესიების
ასალაგმად, ისე სანქციების დასაწესებლად მმართველი პარტიის
ლიდერებისთვის.
განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„ვგმობთ მიმდინარე რეპრესიებს და
ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც
ეწინააღმდეგებიან შემზღუდავ კანონს „უცხო ქვეყნის აგენტების
შესახებ”.
Freedom House მხარს უჭერს
ქართველ
ხალხს, რომლებიც თანმიმდევრულად და უმრავლესობით უჭერს მხარს თავისი
ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ, რათა შეშფოთება
გამოვხატოთ საქართველოს საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოეთის
აგენტების შესახებ კანონის” მეორედ მიღების მცდელობას, რომელიც
სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და მედიებს დაავალდებულებს,
დარეგისტრირდენ, როგორც „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი
ორგანიზაციები”. თუ მას მიიღებენ, მოხდება ლეგიტიმური სამოქალაქო
საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზება, ხოლო წინააღმდეგ
შემთხვევაში ხელისუფლებას მისცემს დამატებით ბერკეტებს, დააჯარიმონ
ისინი.
ეს საქართველოს დააკავშირებს ისეთ
რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი –
ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო
საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით და
მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების
მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას „ქართული ოცნების“
მიმართ: დაუყოვნებლივ გააუქმოს შემოთავაზებული კანონი.
Freedom House ასევე გმობს მიმდინარე
რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ,
რომლებმაც დაიკავეს თბილისის ქუჩები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ
კანონპროექტს – რეპრესიებს მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი
გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების
გამოყენებით.
ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ
მუქარებითა და თავდასხმებით ადამიანის უფლებათა დამცველებზე,
ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახებზე
თავდასხმას. ასეთი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში,
განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ
ისწრაფვის.
ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირს და დიდ
ბრიტანეთს დაჟინებით მოვუწოდებთ კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა
ალაგმოს რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა უნდა
დაიჟინონ, რომ ვენეციის კომისიას შესაძლებლობა მიეცეს, შეაფასოს
ინიციირებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.
სამგზავრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა
დაუწესდეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს,
თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის
დასკვნამდე.
ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს
დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ
ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მკაფიო მას გზავნილი, რომ
„ქართული ოცნების” მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები არ იქნება
შემწყნარებელი”.
„ქართული
ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023
წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა
ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ
დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ
კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი"
ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.