თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია
მობილიზებული.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია უნდა
გაიმართოს. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები
საკანონმდებლო ორგანომდე მისვლას მსვლელობით გეგმავენ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და
კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას
ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი
დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.