"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, დაკავებისას ნაცემი
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქაცარავა მისი ცემის
დეტალებს იხსენებს.
იგი 20 მაისს გამოწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.
როგორც ქაცარავა ამბობს, იგი ხუთჯერ სცემეს და ამ პროცესის
განმავლობაში, სპეცრაზმელებმა პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და
ფული წაართვეს.
"რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დ*** - შემაგინა
ე.წ. სპეცრაზმელმა", - ჰყვება ის ფეისბუქზე
გამოქვეყნებულ
პოსტში და იხსენებს, რომ ამ სიტყვებს მისი მისამართით
10-12 სპეცრაზმელის მხრიდან დარტყმა, გინება, "მუშტების და წიხლების
წვიმა" მოჰყვა.
"მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.
ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში
იტაკა ერთერთმა შავრაზმელმა. ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა
წამებში. კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს
ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი
გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებე", - ამბობს
ის.
ქაცარავას სიტყვებით, მთავარი მოქმედება იყო მეორე, "დიდი ცემის"
შემდეგ, რა დროსაც ფურგონში "შეაგდეს" და ზურგს უკან ხელებშეკრულს
გაუსწორდნენ.
"ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგს უკან შეკრულ
ხელებიანს, 3-4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა. სასტიკად, გამიზნულად.
დამიზნებით თავში, სახეში. ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი
ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ
სახის ძვლებს.
მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა.
შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი. ბოლოს ყურში
ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას შე**ცი!
ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა -
მგუდავდნენ. არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ.
უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ. მეხუთე ცემა დასრულდა,
როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის
დამკვეთებს", - ჰყვება ქაცარავა.
დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14
მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე,
რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას
ძალადობით.
2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო
დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით
მიიღო.
კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და
დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები
იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი
ნაწილი კი გაფიცულია.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.