საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი ტელეკომპანია
„პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არაკაცებს
სცემს, რომელთა სიაც აქვს:
„
მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია
გვაქვს, ეხლა გაჩვენებ ცოტა ხანში[…] რა უნდა დამასანქცირონ გოგო,
გაწიე კამერა“ — უთხრა ზარაზიშვილმა ტელეკომპანია
„პირველს“ დღეს, 28 მაისს, პარლამენტთან.
ხარაზიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან არის მისული, სადაც ასეულობით
სპეცრაზმელია მობილიზებული. „ქართული ოცნება“ დღეს გეგმავს კენჭი
უყაროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონზე. პარალელურად
მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
დამატებით, „მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ
სპეცრაზმის უფროსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ემუქრება და აგინებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, აპრილ-მაისში,
სპეცრაზმელები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს,
მათ შორის, ენმ-ის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილსა და აქტივისტ დავით
ქაცარავას.
მათი ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.