დეპუტატი წილოსანი მოქალაქეს, რომელმაც „მოღალატე“ დაუძახა, ადევნებაში ადანაშაულებს
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს მოქალაქეს, რომელმაც მას მოღალატე დაუძახა და მანქანით დაუსიგნალა.

დეპუტატის განცხადებაზე მყისიერი იყო შსს-ს რეაგირება, ის უკვე გამოკითხეს კიდეც.

როგორც ირწმუნება, „ადევნების გამო“ იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.

თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს მოქალაქე დავით კუპრავა, რომელიც პროფესიით იურისტია.

„როცა გამოვიარე მანქანით, დავინახე წილოსანი, დავუსიგნალე და დავუძახე, რომ არის მოღალატე, რაც სრულად ჯდება ჩემი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,
რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩემთვის გასაგებია, ქალბატონ ნინოს არ ესმის ამ მუხლის დისპოზიცია და საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ადევნება და მუქარა“ ,
— განუცხადა კუპრავამ მთავარ არხს. ინტერვიუ ჩაწერილია იმ ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა. 

მოგვიანებით დეპუტატმა წილოსანმა აღნიშნული ფაქტი თავისი ბრალდების გასამყარებლად გამოიყენა. მან დავით კუპრავა „მანიაკურ ქმედებებში“ კვლავ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის კვლავ გამოჩნდა მის სახლთან და ინტერვიუს აძლევდა მედიას.

ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს არ გამოუვლენიათ და პასუხისგებაში არ მიუციათ ის პირები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, ჟურნალისტებისა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებს, ავტომობილებს აზიანებენ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ წარწერებს ტოვებენ, ასევე, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები