საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში
შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს,
აზრა ზეიას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზრა ზეიასთან
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური
ინტეგრაციის საკითხები განიხილა.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ
"საქართველო არასოდეს იყო, არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი
ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის
ევროპული გზაა".
ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო
არჩევნებს, აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებასა და მის შესაძლო
შედეგებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა
გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის
ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის
დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან
სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს
სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით
აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის
ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას
გამოხატავს", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა
აზრა ზეია. როგორც ის წერს, აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხის
ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევია:
"ღიად გავცვალე მოსაზრებები საქართველოს პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილთან დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის
დაცვაზე. ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ
აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია".
მაისში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა
ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის
მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს
ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის
მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ
მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში
დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები
დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას
ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის
პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო
წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო
2016 წლიდან მასპინძლობდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების
თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ
ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების
მიმართ“.