პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩევნების შემდეგ „ნაციონალური
მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე საუბრობს.
როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს არის „ერთ-ერთი
ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას“.
„ნაცმოძრაობის“ ძალიან ბევრი წარმომადგენელი გასამართლდა
მაღალ, საშუალო, დაბა დონეზე. მათ შორის, სააკაშვილი იხდის სასჯელს.
ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ
არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, ანუ ამ აგენტურის
გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება მოჰყვეს ინდივიდუალურ
დონეზე განაჩენებიც“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როგორც კი „სრულად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს“,
ყველაფერი შეიძლება მივიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც.
„რაც შეეხება ფორმებს, ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ
არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა, მე ასე ვიტყოდი, რადგან
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე,
კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი
პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული
ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას“, —
დასძინა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის
პირობას დებს.
„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ
კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და
სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი
მმართველობისა და 12- წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს.
არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა
იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული
სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!“ —
განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 29
აპრილის შეკრებაზე.