გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობიდან გადადგა და
პარტია დატოვა.
საარჩევნო სიიდან გადის თამარ ჩერგოლეიშვილიც.
როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
დაპირისპირება „ევროპულ საქართველოში“ შიდაპარტიული პრაიმერიზს
მოჰყვა. „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის
შესადგენად პრაიმერიზი 28 ივლისს ჩაატარა.
დელეგატებმა არჩევანი ორ სიას შორის გააკეთეს. სია N1-მა, რომლის
სათავეშიც გიგა ბოკერია იყო, ხმათა 55% დააგროვა, სია N2-მა, თამარ
ჩერგოლეიშვილის
ლიდერობით – 45%.
თავად გიგა ბოკერიამ პრაიმერიზში თამარ ჩერგოლეიშვილის სიას დაუჭირა
მხარი, რომელშიც პარტიის ცნობილი სახეებიდან არ იყვნენ აკაკი ბობოხიძე
და გიგი წერეთელი.
„სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი
აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით ჩემი,
პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან
დაკავშირებით. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ
გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში
მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის
შექმნაში, რამაც „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა საგრძნობლად
გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც
დასტურდება“, — განაცხადა ბოკერიამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია
საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება.
„სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა,
გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების
უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის
შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ
სურდათ „ევროპული საქართველოს“ მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა. ამ
ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის,
დაისვა თავმჯდომარის, ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი. მე, როგორც
პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც
„ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია „ხმების
გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების“ თაობაზე, ამ დაპირისპირების
გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის
როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან
წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“, —
განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული
კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ მათი გზები გაიყო.
„შექმნილ ვითარებაში მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას
ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. აქედან
გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“
თავმჯდომარის პოსტი და, შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11
აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე. ამ დაპირისპირებამ გამოავლინა
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე
უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ
გუნდთან. ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ
პოლიტიკურ გუნდში. პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე,
გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები
მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან
დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების
გარეშე”, — დასძინა ბოკერიამ.
კითხვაზე, სიის ნომრებს შეეხებოდა თუ არა დაპირისპირება, ბოკერიამ
თქვა: „როგორც ჩანს. ან ზოგადად, ძალაუფლების დაკარგვას პარტიის
შიგნით“.
მან ასევე ივარაუდა, რომ ადამიანებს „აღარ ჰქონდათ რწმენა, რომ
ბარიერის გადალახვა შეეძლოთ“.
„მე ვთვლიდი, რომ ფორმაში რომ ვყოფილიყავით, ეს შეგვეძლო
და შეიძლება, [ისინი] ეძებენ გზებს სხვა ტიპის პოლიტიკური
მომავლისთვის“, — დასძინა ბოკერიამ.
თამარ ჩერგოლეიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ვინც კი უკავშირდება
პარტიის პროგრესს, „ევროპულ საქართველოში“ არავინ რჩება.