მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე
„ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დახარჯულმა
თანხამ 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.
ამის შესახებ მონაცემებს „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED)
აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, მიმდინარე, 2024 წლის მეორე კვარტალში ფეისბუქსა და
ინსტაგრამზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 აშშ დოლარის ღირებულების
პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, რაც 78%-ით აღემატება
წინა კვარტლის დანახარჯების ოდენობას.
ISFED-ის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში
71%-ით გაიზარდა და 165 ათას აშშ დოლარამდე მიაღწია პოლიტიკური
სუბიექტების რეკლამებზე გაწეულმა ხარჯმა.
ISFED-ის შეფასებით, აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო
მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რეკორდულად მაღალი დანახარჯით.
კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა სახელისუფლებო
პარტიისა და მის ცალკეულ წარმომადგენელთა გვერდების სარეკლამო
დანახარჯები, რამაც აპრილი-ივნისის პერიოდში 100 ათას აშშ დოლარს
გადააჭარბა. „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე
დახარჯული თანხის წილმა ყველა პოლიტიკური სუბიექტის დანახარჯების
დაახლოებით 2/3 შეადგინა.
ამასთან ერთად, გაორმაგდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მისი
წარმომადგენლების გვერდების სარეკლამო ხარჯიც (33 211 აშშ დოლარი). ამ
თანხის 82% პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის,
ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დაიხარჯა.
როგორც ISFED აღნიშნავს, მოცემული ორი პარტიისგან განსხვავებით, წინა
კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 7 084 აშშ დოლარამდე, შემცირდა
„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძის,
ოფიციალური გვერდების სარეკლამო დანახარჯი. ოპოზიციის სხვა
წარმომადგენლებმა კი, რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, „მეტას“
პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიისთვის, ჯამურად, 20 ათას აშშ დოლარზე
ნაკლები დახარჯეს.
ISFED-ის თანახმად, სარეკლამო დანახარჯების მკვეთრი ზრდა
მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ
ინიციირებულ და მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ
კანონს.
„კანონპროექტის მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანია
ხორციელდებოდა საქართველოს მმართველი პარტიის, პრემიერ-მინისტრისა და
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფეისბუქგვერდების მეშვეობით.
ამავდროულად, ამ კანონპროექტის მხარდამჭერ, მის საწინააღმდეგოდ
გამართული საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელ და არასამთავრობო
ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ
პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც და მოძრაობის „საქართველო
უპირველეს ყოვლისა“ გვერდებიც. მათ მიერ გავრცელებული რეკლამების
ნაწილი შეიცავდა ღიად ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებსაც.
კანონს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელისუფლების მხარდამჭერი
ანონიმური გვერდების რეკლამებშიც“, – აღნიშნულია
ISFED-ის კვლევაში.
ამასთან, ISFED-ის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში
გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი
თანხის ოდენობა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქართული
მედისაშუალებების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებს შორის ძირითადი
დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე – „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და
„ნიუსჰაბზე“ (ყოფილი Pia.ge) მოდის.
ISFED-ის ცნობით, ამ სამმა მედიასაშუალებამ რეკლამებისთვის 6.7-ჯერ
მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა
მედიასაშუალებამ. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ და „იმედმა“
აპრილ-ივნისში „მეტას“ პლატფორმების რეკლამებზე 2-3-ჯერ მეტი თანხა
დახარჯეს, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. „ნიუსჰაბის“ ბოლო კვარტლის
დანახარჯი კი წინას 6-ჯერ აღემატება.
„ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე –
„POSTV – ახალი ამბები“ რეკლამების უდიდესი ნაწილი ე.წ. ქარდების
სახით განთავსდა. მათზე დატანილი იყო საპარლამენტო უმრავლესობაში
შემავალი პოლიტიკური პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის
ძალის“ წარმომადგენლების, აგრეთვე, პროსახელისუფლებო ექსპერტების
მოსაზრებები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით. დიდი
ადგილი დაეთმო ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების
დისკრედიტაციას, მათ მიმართ ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი შინაარსის
განცხადებების გავრცელებას. ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც
პროგნოზირებდა კონსერვატიული ან/და ულტრამემარჯვენე ძალების შესაძლო
გამარჯვებას ან/და წარმატებულ შედეგებს ევროკავშირის ქვეყნებში. ამ
გვერდების მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა იმგვარი საერთაშორისო
რეიტინგებიც, რომლებიც საქართველოს წინსვლაზე აკეთებდა
აქცენტს“, – აღნიშნულია ISFED-ის კვლევაში.