აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს – რუსეთის საგარეო დაზვერვა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს.



ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიუროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ „მიღებული ინფორმაციით, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“.

„ამისთვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აგროვებენ უამრავ მოხალისეს ხმის მიცემის პროცესს მჭიდროდ მონიტორინგისთვის.
მათ ევალებათ გამოავლინონ და დააფიქსირონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“…

„თბილისის მაიდანზე“ კენჭისყრის დროს „გაყალბების მტკიცებულებების“ გამოქვეყნებას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ. სამართალდამცავები პროვოცირებულნი იქნებიან პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.

„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ ამუშავებენ ვარიანტებს „დაუნდობელი“ პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გასაცემად ხელისუფლების მიერ „მოქალაქეების“ წინააღმდეგ ძალის „გადამეტებულ“ გამოყენებაზე“, – ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მოსახლეობის დამაჯერებელი მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ოპოზიცია, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, რჩება ფრაგმენტირებული, ხოლო სხვადასხვა ძალების მიერ შექმნილი კოალიციები – ძალიან მყიფე“.

„ეს, როგორც ისინი შიშობენ შეერთებულ შტატებში, მმართველ პარტიას ხელს შეუწყობს „განაგრძოს თავისი სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს…

თეთრი სახლი მსგავს სცენარს მიუღებლად მიიჩნევს. ამერიკელები აპირებენ მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილი კვირების განმავლობაში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პოზიციები“,
– ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წლებია საუბრობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია, თუმცა ამ საქმეებს ბოლოს ივიწყებენ ხოლმე და არც არავის აკავებენ.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული ჰქონდათ საბურავების მომარაგება.

სუს-ი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუს-ი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

გარდა ამისა, 2023 წლის ოქტომბერში, სუს-მა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგები ტარდებოდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1