შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მარნეულის სამმართველოს
თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში
დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 3 ადამიანი
დააკავეს:
1990 წელს დაბადებული ნ.ბ., 1993 წელს დაბადებული ტ.ნ. და 1998 წელს
დაბადებული რ.ბ.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები
საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით
თანხების
გამოძალვაში ეხმარებოდნენ.
დაკავებულები მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის
მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით
თანხებს სთხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოქალაქეების
დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ.
ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა
ნ.ბ., ტ.ნ. და რ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარ ფაქტებზე
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 – 181-ე და
187-ე მუხლებით მიმდინარეობს.