პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის
საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო
არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის
164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
უწყებამ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს, გამოკითხვის
მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.
„ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის
მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024
წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით,
რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი,
მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია
საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული,
ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური
პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ
გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების
ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს
ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან
დაკავშირებით“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და
არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის
მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას
არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.