ხინკალი რესტორანში ისევ ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემებით, წელს ოქტომბერში,
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში ხინკლის ფასი
12.5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მის ინგრედიენტებს, სტატისტიკის მიხედვით, ძროხის ხორცი
3%-ით არის გაძვირებული, ძროხის ხორცის ფარში 4%-ით, მარილის
ღირებულება კი გაზრდილია 5.4%-ით.
თუმცა, გაიაფებულია: ღორის ხორცი 3%-ით, სანელებლები 0.13%-ით,
მწვანილი 0.41%-ით, ფქვილი - 0,41%-ით.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს ოქტომბერში, წინა წლის იგივე
პერიოდთან შედარებით, ლუდი 11.4%-ით არის გაძვირებული, ბარში მისი
დაგემოვნება კი 10.8%-ით.
სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ასევე მომატებულია ზოგადად
რესტორანში სადილის ღირებულება, 3.1%-ით, ყავა კაფეში 5.4%-ით
გაძვირდა, ხაჭაპური კაფეში 3.8%-ით, ხაჭაპური საცხობში 1.5%ით.
ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან
შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის
დონემ ასევე 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის
ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%
შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი
1.2%-ით განისაზღვრა.