ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელსაც
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ,
მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი შეიძლება
მოხვდეს. მათგან 17 მილიონერია.
მილიონერებს შორის ათი, ერთხელ მაინც ყოფილა პარლამენტის წევრი,
დანარჩენი შვიდი კი საკანონმდებლო ორგანოში ახალბედაა. მათ შორის
ერთი, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე, მილიარდერი ბიძინა
ივანიშვილი პარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა.
ბიძინა ივანიშვილი -
ქვეყნის მშპ-ს 25%
საქართველოს მთლიანი
შიდა
პროდუქტი, ბოლო მონაცემებით, 30 მილიარდია. „ქართული ოცნების“ სიის
პირველი ნომრის, პარტიის დამფუძნებლის, 68 წლის ბიძინა ივანიშვილის
ქონება კი, „ბლუმბერგის“ 5 ნოემბრის მონაცემებით, 7,4 მილიარდ დოლარად
არის შეფასებული, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე ასეულ
მილიონს ფლობს.
ივანიშვილს საპარლამენტო სიაში მოხვედრის შემდეგ მოუწია ქონებრივი
დეკლარაციის შევსება. ამ დეკლარაციაში მისი ქონების მხოლოდ ნაწილის
შესახებ არის ინფორმაცია თავმოყრილი. მათ შორის, არაფერი წერია იმ
თანხის შესახებ, რომლის გამოც ივანიშვილი საერთაშორისო სასამართლოში
დავობს.
ქონება
საქართველოში
ივანიშვილის და მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზეა
რეგისტრირებული 20-მდე მიწის ნაკვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭორვილაში და ამავე სოფელში ოთხი საცხოვრებელი სახლი. ჯამში,
საჩხერეში ოჯახის საკუთრებაში არსებულ დეკლარირებულ მიწის ნაკვეთებზე
- რაც 180 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება - სამზე მეტი „დინამო
არენა“ დაეტეოდა.
ხვედელიძის სახელზეა გაფორმებული ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ
საირხეში 5,6 ათასი კვადრატული მეტრი მიწა.
ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკუთვნის 5,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა
საგურამოში; თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე 116 კვადრატული მეტრის
ზომის ბინისა და სარდაფის ნაწილი.
რაც შეეხება თბილისში, სოლოლაკში 14 ათას კვ.მ-ზე მეტ ფართობზე
აშენებულ
საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს
საცხოვრებელ, სპორტულ და დამხმარე ფართებს, ის არც უშუალოდ
ივანიშვილისა და არც მისი ცოლის - ხვედელიძის სახელზეა. საჯარო
რეესტრის მიხედვით, მიწა შენობა-ნაგებობიანად ეკუთვნის შპს
„ფინსერვის- XXI“-ს, ივანიშვილს კი მისგან აქვს ფართი დაქირავებული.
ამ კომპანიის მფლობელი კომპანია საქართველოში არ არის
რეგისტრირებული.
ქონება
რუსეთში
მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში, ჯამში 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი
სამი მიწის ნაკვეთიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცოლს ეკუთვნის.
მასზეა რეგისტრირებული 614 კვადრატული მეტრი სახლის 50 პროცენტი
სავრასოვის ქუჩაზე.
ქონება
საფრანგეთში
ეკატერინა ხვედელიძე ფლობს საფრანგეთში, ლა-სელ-სენ-კლუში 1935
კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთსა და 300 კვადრატული მეტრის
ფართის სახლს.
ივანიშვილის დეკლარაციის მიხედვით, საფრანგეთსა და
რუსეთში მისი ოჯახის ქონება - მიწები და სახლები - 2013 წლის შემდეგ
არ შეცვლილა.
ფული
ცოლ-ქმარს ფულის შენახვა უცხოურ ვალუტაში, უფრო ზუსტად კი ამერიკულ
დოლარში ურჩევნია. რომელ ბანკებში აქვთ მათ ანგარიშებზე თანხა, ამის
დადგენა შეუძლებელია, რადგან წინასაარჩევნოდ შევსებული დეკლარაცია
პოლიტიკოსს არ ავალდებულებს საბანკო ანგარიშების დეტალების მითითებას.
ივანიშვილს დეკლარირებული აქვს:
- 159,3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი;
- 17 ათას ევრომდე;
- 110 ათას ლარზე მეტი.
„ბლუმბერგის“ დღევანდელი, 5 ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ბიძინა
ივანიშვილის ქონება
7,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კომპანიები
უშუალოდ ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე კომპანია
საქართველოში, საფრანგეთში, პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინიის
კუნძულებსა და ბაჰამის კუნძულებზე.
ამ ჩამონათვალში არ არის „ბანკი ქართუ“. ბანკის ყოველწლიური ანგარიშის
მიხედვით, მფლობელი უტა ივანიშვილია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.
2021 წელს Entrepreneur-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ
ქონების ნაწილი „ქართუ ფონდს“ გადასცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია - რა
ნაწილი.
ლაშა ტალახაძე
#7
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 31 წლის ლაშა ტალახაძე „ქართული ოცნების“
სიის მე-7 ნომერია. მას ჰყავს ცოლი და სამი შვილი. ქონებისა და
დანაზოგის დიდი ნაწილი სწორედ მას ეკუთვნის, გაცილებით ნაკლები მის
ცოლს - ანა დემურიას.
ოჯახის საკუთრებაა 6 ბინა თბილისში, მშენებარე სახლი მიწის ნაკვეთით
თბილისსა და მცხეთაში და ასევე, მიწის ნაკვეთები მცხეთის, დუშეთისა და
სენაკის მუნიციპალიტეტებში.
ცოლ-ქმრის სახელზე ოთხი ავტომობილია რეგისტრირებული: BMW XM, Jeep
Wrangler, Lexus LX450, Toyota Prado.
ლაშა ტალახაძეს საბანკო ანგარიშზე აქვს მილიონ ლარზე მეტი და სესხად
2,2 მილიონი ლარი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ-მილიონი
ლარი გამოიყო.
ვახტანგ თურნავა
#8
36 წლის ვახტანგ (ვატო) თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებლისა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია
თურნავას ნათესავია. დეკლარაციის მიხედვით, ის დედასა და შვილთან
ერთად ცხოვრობს.
მას ეკუთვნის ორი ბინა და სამი ავტოსადგომი თბილისში, ჭავჭავაძის
გამზირზე #37ლ-ში, მის დედას ინგა ქუთათელაძესაც აქვს ამავე
კომპლექსში ბინა, ასევე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი თბილისში (2001 და 467 კვ.მ).
თურნავას აქვს 8 ძვირადღირებული საათი, რომელთაგან თითოეულის ფასი 20
ათას ლარს აღემატება. ასევე აქვს აქციები და ბიტკოინები.
აქვს ათობით ათასი ლარი, დოლარი და ევრო საბანკო ანგარიშებზე. უფრო
ზუსტად: 281 395 ლარი, 76 245 აშშ დოლარი და 56 906 ევრო. მას თანხის
დიდი ნაწილი, 430 000 ევრო - ნაღდი ფული, მის დედას კი - 75 000
ლარი.
ვახტანგ თურნავა არის შვიდი კომპანიის მეწილე და ოთხი კომპანიის
დირექტორი, დედამისი კი - ორის მეწილე და ერთის დირექტორია.
გენო პეტრიაშვილი
#10
პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 30 წლის გენო პეტრიაშვილი
მმართველი პარტიის მე-10 ნომერია. ის ცხოვრობს ცოლთან, ნინო
მშვიდობაძესთან და ორ შვილთან ერთად.
მას და მის ცოლს ეკუთვნით სამი ბინა თბილისში და ერთი გორში; სამი
ავტომობილი, ოთხი ძვირადღირებული საათი.
გენო პეტრიაშვილის საბანკო ანგარიშზეა 830 000 ლარზე მეტი, ასევე
ნაღდი ფულის სახით 150 000 დოლარი და 50 000 ევრო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ-მილიონი
ლარი გამოიყო.
მარიამ ქვრივიშვილი
#12.
მე-10 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი და ეკონომიკის მინისტრის
მოადგილე, 34 წლის მარიამ ქვრივიშვილი სიაში მე-12 ნომერია. ის
ქმართან, ოთარ ბერიშვილთან ერთად ცხოვრობს.
ცოლ-ქმარს ეკუთვნის თბილისში მდებარე ოთხი ბინა, არასაცხოვრებელი
ფართი და მიწის ნაკვეთი.
გარდა ამისა, 60 000 დოლარად ნაყიდი ავტომობილი, ძვირადღირებული
ბეჭედი, ორი საათი და სამაჯური.
მისი და მისი ქმრის საბანკო ანგარიშებზეა 331 ათას ლარზე მეტი, 95
ათას დოლარზე მეტი, 43 ათასი ევრო და 5 ათასზე მეტი გირვანქა
სტერლინგი.
მინისტრის მოადგილის ოჯახს მოგზაურობასა და ტანსაცმელში დახარჯულ
ფულად 2023 წელს დეკლარირებული აქვს 65 ათას ლარზე მეტი.
ცოლ-ქმარი რამდენიმე კომპანიის მეწილეა. სწორედ ამ კომპანიებიდან
მიიღეს მათ შემოსავლის დიდი ნაწილი - 482 ათას ლარზე მეტი. ქმარი
„აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორია.
ეკა ჭიჭინაძე
#15
ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა
ხვედელიძის მეგობარი ეკა ჭიჭინაძე სიაში მე-15 ნომერია. მისი ქმარია
მხატვარი ნიკუშა შენგელაია, ცნობილი თეატრალური და კინოხელოვანების,
სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას შვილი.
მათ ეკუთვნით ორი საცხოვრებელი ბინა, სამი მიწის ნაკვეთი და ბინა
თბილისში. ასევე, სამი ავტომობილი.
მათ თანხის დიდი ნაწილი ამერიკულ დოლარში (318 ათას დოლარზე მეტი)
აქვთ შენახული, შედარებით მცირე, თუმცა სოლიდური თანხა აქვთ ლარის
ანგარიშზეც - 345,8 ათასი ლარი.
ნიკუშა შენგელაიას აქვს 480 000 დოლარის ღირებულების სადეპოზიტო
სერტიფიკატი და 3 000 000 დოლარის ღირებულების აქტივი.
შოთა ბერეკაშვილი
#16
პარტიის მე-16 ნომერი, 49 წლის შოთა ბერეკაშვილიც მილიონერია. ის
ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ცოლისდა პარლამენტის
მოქმედი დეპუტატი ბაია კვიციანია.
შოთა ბერეკაშვილს და მის ცოლს მაკა კვიციანს ეკუთვნით ხუთი მიწის
ნაკვეთი და ბინა თბილისში, ასევე ბინა ბაკურიანში. გარდა ამისა, სამი
ავტომობილი.
პარლამენტის მომავალ დეპუტატს დანაზოგის დიდი ნაწილი (300 ათასზე
მეტი) ამერიკულ დოლარში აქვს. ასევე აქვს ნაღდი ფული 37 ათასი ლარი და
40 ათასი დოლარი.
შოთა ბერეკაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის
„თეთრი კვადრატის“ (სს „ნიუ დეველოპმენტი“) 50%-იანი წილის მფლობელი,
ასევე
„BK ჰოლდინგის“ 50%-იანი წილის მფლობელია. ის ამ
კომპანიის დირექტორიცაა, თუმცა დეპუტატის მანდატის მიღების შემდეგ
თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ზაალ დუგლაძე
#26
საპარლამენტო საქმიანობა ბიზნესმენმა, 53 წლის
ზაალ დუგლაძემ 2020 წელს დაიწყო. მოქმედი დეპუტატი
დუგლაძე ცოლსა და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ბოლო დეკლარაცია 2024 წლის მაისში შეავსო.
ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი თბილისში და
რამდენიმე მიწის ნაკვეთი ყვარლისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.
მას ეკუთვნის წილები სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის ორს (შპს „აისი
ინკ“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“) თავის ძმასთან (დავით
დუგლაძესთან) და ბიძინა ივანიშვილის ძმასთან - ალექსანდრე
ივანიშვილთან ერთად ფლობს. სწორედ ამ კომპანიებს უკავშირდება
შემოსავლის მთავარი წყარო, საიდანაც 848 053 ლარი მიიღო.
მოქმედი დეპუტატის ქონებაზე წარმოდგენას ქმნის ქონების გადასახადის
სახით გადახდილი 6000 ლარი, პირადი გადარიცხვები, საყიდლების,
სამკაულებისა და დასვენების ხარჯი.
თანხის ნაწილი, 50 ათასი დოლარი და 150 ათასი ლარი ზაალ დუგლაძეს ნაღდ
ფულად აქვს შენახული.
გოჩა ენუქიძე
#28
62 წლის გოჩა ენუქიძე მეოთხე ვადით ხდება პარლამენტის წევრი. აქედან
ორი ვადით „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, რომლის აკრძალვაც
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის ივნისში
შეავსო, წერია, რომ ცოლთან „განქორწინების პროცედურები“ ჰქონდა
დაწყებული.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მას და მის ყოფილ ცოლს - დეა
მელაძეს ეკუთვნოდათ: სამი ბინა თბილისში და რამდენიმე მიწის ნაკვეთი
მცხეთის, ამბროლაურისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში.
დეპუტატმა 2022 წელს 161 200 ევროდ შეიძინა ავტომობილი Aston
Martin-ი.
მას ეკუთვნის წილები მრავალ კომპანიაში, მათ შორის, გაზმომარაგებისა
და ელექროენერგიის გამომუშავებელ კომპანიებში. მის საბანკო
ანგარიშებზეა: 540 ათას ლარზე და 53 ათას დოლარზე მეტი.
დეპუტატის ფინანსურ შესაძლებლობებზე წარმოდგენას ასევე ქმნის მისი
ხარჯები, კაპიტალის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი თუ დასვენების
ხარჯი.
პარლამენტის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ამერიკულ ელექტროავტომობილების
მწარმოებელ კომპანია Tesla-ს აქციების ნაწილი გაყიდა.
მონაცემები დეკლარაციების მიხედვით:
- 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატი წერდა, რომ
„ტესლაში“ ფლობდა 557 150 დოლარის ღირებულების 2300 აქციას.
- 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი ჩაწერა, რომ „ტესლაში“ ფლობდა
235 661 დოლარის ღირებულების 1020 აქციას.
ილია ინჯია #
30
„ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებლის, მილიონერ ფრიდონ ინჯიას ვაჟი,
46 წლის ილია ინჯია, „ქართული ოცნების“ სიაში 30-ე ნომერია. ფრიდონ
ინჯია მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენდა, თუმცა
საპარლამენტო უმრავლესობას ხშირად ეხმარებოდა კანონპროექტების
მიღებაში.
ილია ინჯიას ჰყავს ცოლი და ორი შვილი, თუმცა მთელი ქონება მის
სახელზეა.
ილია ინჯიას ეკუთვნის ბინები თბილისში, თურქეთსა და რუსეთში, ასევე 50
ათას კვადრატულ მეტრამდე მიწა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოკამში.
გარდა ამისა, 4,5 ათასი კვ.მ თბილისში. გარდა ამისა, ეკუთვნის სამი
კომერციული ფართი და კერძო სახლი.
გარდა ამისა, აქვს: კატერი, ოთხი ავტომობილი, ექვსი მოტოციკლი, 13
ცეცხლსასროლი იარაღი და მაჯის საათი. თითოეული ნივთის ღირებულება
აღემატება 20 ათას ლარს, რის გამოც ისინი დეკლარაციაში შეიყვანა.
ილია ინჯიას საბანკო ანგარიშზე აქვს: 3500 დოლარი და 20 073 ლარი, მის
ცოლს, ნინო ჩიქოვანს კი - 1500 ლარი. თანხის დიდი ნაწილი მომავალ
დეპუტატს ნაღდი ფულის სახით აქვს. საუბარია 100 000 დოლარსა და 200
000 ლარზე.
მომავალი დეპუტატი არის ათზე მეტი კომპანიის მეწილე, ასევე ის და მისი
ცოლი არიან ჯამში 9 კომპანიის დირექტორი.
ანტონ ობოლაშვილი
#37
50 წლის ანტონ ობოლაშვილი ცოლთან - ლია ობოლაშვილთან ერთად ცხოვრობს.
დეპუტატმა ბოლო დეკლარაცია
2024 წლის 22 თებერვალს შეავსო.
ცოლ-ქმარს ეკუთვნით ბინები თბილისში, ბაკურიანში, პარიზში, დუბაიში და
მიწის ნაკვეთები ადიგენის მუნიციპალიტეტში. გასულ წელს ქონების
გადასახადში მათ 10 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს.
დეპუტატი ოთხი წელია ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, თუმცა მხოლოდ
„სტუდია მონიტორის“ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ,
2024 წლის თებერვალში ასახა დუბაიში 2015 წელს
შეძენილი ორი ბინა, რომელთა ღირებულებაც 3 მილიონ ლარს აღემატება.
მასვე ეკუთვნის პარიზში 1,2 მილიონ ევროდ ნაყიდი ბინა და
ავტოფარეხი.
ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული სამი ავტომობილი, მათ შორის,
ავტომობილი PORSHE-CAYENE შეძენილია 2023 წლის ნოემბერში 127 000
ევროდ, და სამი ძვირადღირებული საათი.
დეპუტატის შემოსავლის ძირითადი წყაროა ფარმაცევტული კომპანია
„გლობალფარმიდან“ მიღებული დივიდენდი. პარლამენტში მისი ხელფასი წლიურ
43 ათას ლარამდე იყო, კუთვნილი კომპანიიდან კი 100-ჯერ მაღალი
შემოსავალი აქვს მიღებული.
სწორედ ეს კომპანია გახდა „თავისუფლების მონიტორის“ საგამოძიებო
სიუჟეტის თემა, სადაც აღწერილი იყო მანკიერი სქემა - როგორ
უნიშნავდნენ ფარმაცევტული კომპანიებიდან მიღებული თანხის სანაცვლოდ
ექიმები პაციენტებს ამ კომპანიების მედიკამენტებს.
ანტონ და ლია ობოლაშვილების საბანკო ანგარიშებზე 180 ათას დოლარზე,
110 ათას ევროსა და 60 ათას ლარზე მეტი თანხა აქვთ დეკლარირებული.
დამატებით კი ნაღდი ფული - 40 ათასი დოლარი, 35 ათასი ევრო და 80
ათასი ლარი.
გიორგი ხახუბია
#47
32 წლის გიორგი ხახუბია ყოფილი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილია.
მამის გარდაცვალების შემდეგ შვილი გახდა მაჟორიტარი დეპუტატი
ფოთიდან.
ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ეკუთვნის ორი
საცხოვრებელი სახლი და ოთხი ბინა, მიწის ნაკვეთი თბილისში. ასევე,
უძრავი ქონება ფოთის, ბათუმის, ბორჯომისა და ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტებში.
დეპუტატი იხდის ოთხ იპოთეკურ სესხს და აქვს მემკვიდრეობით მიღებული
ნაღდი ფული - 50 ათასი დოლარი.
დეპუტატი და მისი ცოლი - ნინო სარიშვილი ფლობენ წილებს სხვადასხვა
კომპანიაში. მათ ამ გზით გასულ წელს 900 ათას ლარზე მეტი მიიღეს.
ხახუბიას ფინანსურ შესაძლებლობებზე წარმოდგენას ქმნის გასულ წელს
მოგზაურობაში, შვილების სწავლაში, რემონტში, ავეჯსა და
ქველმოქმედებაში დახარჯული ათობით ათასი ლარი. ამავე დოკუმენტით
ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს დედები 400 ათასი დოლარით დაეხმარნენ.
ვიქტორ სანიკიძე
#58
საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და კალათბურთის
ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, 40 წლის ვიქტორ სანიკიძე ცოლსა და ორ
არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
მან დეკლარაცია 2024 წლის თებერვალში შეავსო.
ცოლმა მაია ბიწაძემ გასულ წელს იყიდა ორი ბინა და ორი ავტოფარეხი,
რაშიც გადაიხადა მილიონ ლარზე მეტი და 200 ათასი დოლარი. ოჯახის
სახელზე რეგისტრირებულია ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ორი
ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტში.
ცოლ-ქმარს დეკლარირებული აქვს სამი მაჯის საათი, რომელთა ჯამური ფასი
18 600 ევრო და 8000 დოლარია.
ამავე დეკლარაციაში ჩანს, რომ დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს ფულის შენახვა
ევროპულ ბანკებში ურჩევნია. ევროპაში მის საბანკო ანგარიშებზეა 238
ათას დოლარსა და 27 ათას ევროზე მეტი. საქართველოში თანხის ნაწილს კი
- 61 ათას დოლარს - დეპუტატი ნაღდ ფულად ინახავს.
დეპუტატად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წელს ის კალათბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სწორედ ფედერაციაა მათი ოჯახის
შემოსავლის მთავარი წყარო.
ბეჟან წაქაძე
#76
64 წლის ბეჟან წაქაძე პარლამენტის წევრი 2020 წელს გახდა ტყიბულის,
თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში
გამარჯვებით.
ბოლო დეკლარაცია 2024 წლის თებერვალში შეავსო.
მას ეკუთვნის ბინები კიევში, თბილისში, ზესტაფონში. ასევე, მიწის
ნაკვეთები საქართველოში, რომელთა ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს
აჭარბებდა ჯერ კიდევ წლების წინ.
დეპუტატს ეკუთვნის რვა ფერწერული ტილო, მათ შორის, როგორც
დეკლარაციაში წერია, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ნამუშევარიც.
ფერწერული ტილოების ჯამურ ღირებულებად ყიდვის მომენტისთვის 676 500
ლარი არის მითითებულია.
2020 წელს შეიძინა 660 000 ლარის ღირებულების MERSEDES-BENZ, ფლობს ორ
ძვირადღირებულ საათს, შედარებით დაბალფასიან ავტომობილს და
ძვირადღირებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
ის ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში.
მას საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 2000 ლარამდე თანხა, თუმცა ნაღდი ფულის
სახით ფლობდა 45 700 ლარს.
ისკო დასენი #
78
66 წლის ისკო დასენი პარლამენტის წევრი მესამე ვადით გახდა. ის
ცოლთან, ლეილა არაბიანთან ერთად ცხოვრობს.
დეპუტატს ეკუთვნის შვიდი მიწის ნაკვეთი თბილისში,
მის ცოლს კი „ლიდერკრედიტის“ 150 000 ამერიკული დოლარის ღირებულების
თამასუქი.
დასენს საბანკო ანგარიშზე აქვს 235 ათასი აშშ დოლარი, 120 ათას ლარზე
მეტი თანხა.
ირაკლი კირცხალია
#86
35 წლის დეპუტატი ირაკლი კირცხალია ცოლთან - სალომე ირემაშვილსა და
სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მან პარლამენტში ვლადიმერ
ჩაჩიბაია შეცვალა - დეპუტატი, რომელმაც უარი თქვა გასულ წელს
„აგენტების კანონის“ მხარდაჭერაზე და საკანონმდებლო ორგანო
დატოვა.
საჯარო მოხელის დეკლარაცია მან სულ ორჯერ შეავსო,
ბოლო, 2024 წლის მაისში შევსებული დოკუმენტით ირკვევა,
რომ მისი დანაზოგი შემცირებულია.
ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში რამდენიმე სახლი და ბინა,
მიწის ნაკვეთები მცხეთის მუნიციპალიტეტში. მის ქონებაზე წარმოდგენას
ქმნის ქონების გადასახადის ოდენობა - 35 600 ლარი.
დეპუტატის ოჯახი ფლობს სამ ავტომობილს: MERCEDES-BENZ AMG G 63-ს,
PORSCHE MACAN S-სა და TOYOTA CAMRY HYBRID-ს.
ირაკლი კირცხალიას საბანკო ანგარიშზე აქვს 660 ათასი ლარი, შვილის
ანაბარზე კი - 90 ათას ლარზე მეტი. დამატებით, ნაღდი ფულის დანაზოგი -
123 ათასი დოლარი.
2023 წელს მათი ოჯახის წევრთა ჯამური ხელფასი 50 ათას ლარს
აღემატებოდა, თუმცა მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მამისგან საჩუქრად
მიღებული 185 ათასი დოლარი და 137 ათასი ლარია.
ირაკლი კირცხალიას ოჯახი სოლიდურ თანხას ხარჯავს მოგზაურობაში. მხოლოდ
2023 წელს მათ 50 ათასი ლარი და 3 ათას ევროზე მეტი დახარჯეს.
გიორგი ბარვენაშვილი #
87
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარლამენტს
კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი, გიორგი ბარვენაშვილი შეემატა. 50 წლის
ბარვენაშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობს.
პარტიის ლიდერების მეგობარმა დეკლარაცია 2024 წლის 22 აპრილს
შეავსო.
მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ბინა, ორი სახლი და მიწის
ნაკვეთები. ასევე, მიწის ნაკვეთები და სახლი მცხეთაში.
გიორგი ბარვენაშვილს ეკუთვნის რვა ძვირადღირებული საათი, რომელთა
ჯამური ღირებულებაც, დეკლარაციის მიხედვით, 439 400 დოლარია.
დეპუტატს ეკუთვნის „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმის“ კრიპტოვალუტები,
რომელთა ნომინალური (პირობითი) ფასი 3 350 660 დოლარია.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის შემოსავლის ერთადერთი წყარო გასულ
წელს ბიზნესი იყო - მან შპს „ოდიდან“ 2 630 559 ლარი მიიღო.
გიორგი ბარვენაშვილმა 2020 წელს 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ
ოცნებას“, 2018 წელს კი - ამდენივე თანხა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც
მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.