საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო
არჩევნები უფრო „ხარისხიანი“ იყო, ვიდრე მოლდოვასა და შეერთებულ
შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი
დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა, თუ სადმე იყო მასობრივად
დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე
ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის
შეერთებულ შტატებში თქვენ ხომ ხედავდით, პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად
ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში.
საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები, იყო, რა თქმა
უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს
ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც 3 000 უბანი იხსნება. თქვენ
რომ შეადაროთ საქართველოს და მოლდოვის, საქართველოს და ამერიკის
შეერთებული შტატების არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით,
ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და
ვიდრე ამერიკული არჩევნები“, – ამბობს კობახიძე.