ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით,
პარლამენტში ხვდება, საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით
მიმართავენ.
ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია
ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ისაუბრეს.
თუ წინასწარი შედეგები არ შეიცვლება, მომავალ პარლამენტში „კოალიციას
ცვლილევისთვი“ 19 მანდატი ეკუთვნის, „ერთიანობა - ნაციონალურ
მოძრაობას“ კი 16.
სიები ორივე პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
წარადგინეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქმედი
დეპუტატი პარლამენტს
დატოვებს, მისი ადგილმონაცვლე შეირჩევა სიის ე.წ. სათადარიგო
ნაწილიდან, რომლის გაუქმებასაც ასევე მოითხოვენ პარტიები.
„ყველა, ვინც ამ სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი
თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს
რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, -
თქვა ნიკა გვარამიამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ.
„ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგაზე, რომელიც ფიგურირებდა
ჩვენს სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა და არ გადაეგზავნოთ
ჩვენი სახელები და გვარები უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩვენ უარს
ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც
ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას“, - თქვა თინა
ბოკუჩავამ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
თუ ცესკო პარლამენტში გადააგზავნის ამ პარტიების სიის წევრებისთვის
მანდატების გაცემის შესახებ მოთხოვნას, დეპუტატებისთვის
უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭირო გახდება საპარლამენტო
უმრავლესობის დეპუტატების თანხმობაც.
ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებსაც ამ გზით გამოუცხადა ბოიკოტი. ცესკომ ე.წ.
სათადარიგო სიები გააუქმა, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა
„ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას უარი
უთხრა მანდატის გაუქმებაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური
პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე
უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს: „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია
- საქართველოსთვის“.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო
არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს
ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო
ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა
ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება
მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის
საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს
რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენელი.