29 ნოემბერს აქციის დარბევისას 18-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა - ქარტია
დღეს, 29 ნოემბერს, აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური გამაღიზიანებლები, რაც კანისა და თვალების წვას იწვევდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საპოლიციო ძალებს მოუწოდებს შეწყვიტონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა“. - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აქიაზე დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სია გამოაქვეყნა.

გთავაზობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას:

„29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.

● „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.

● მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.

● „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.

● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.

● საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.

● დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.

● დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.

● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.

● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.

● მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.

● აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.

● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.

● „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.

● JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული
ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა“.

ფოტო: "რადიო თავისუფლება"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345