ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, ირაკლი
კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს,
პაველ ჰერჩინსკის “დიპლომატიური რეაგირებით” ემუქრება. “ქართული
ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ელჩი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა
დეზინფორმაციაში.
“სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩისკიც. თუმცა, იმის ფონზე, რომ
ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული აგიტაციაში
რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ,
რაც ვენის კონვენციისა და საარჩევნო კონვენციის რადიკალური დარღვევაა,
მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო
გასაკვირი.
ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ
ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა
ამტკიცებს, რომ ეს პროცესი, თურმე, საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ
მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი
საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ
ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების
მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ
რეაგირებაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კობახიძემ განმარტა, რომ
“დიპლომატიურ რეაგირებაში” იგულისხმება ელჩის დაბარება საგარეო
საქმეთა სამინისტროში.
პაველ ჰერჩინსკი დღეს, 29 ნოემბერს გამოეხმაურა როგორც “ქართული
ოცნების” გადაწყვეტილებას გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ,
ისე ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული
მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების ძალადობრივ დარბევას.
“ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის
სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა
მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის
პოლიტიკას, როგორც მე მესმის და ეს ასევე ეწინააღმდეგება ქართველების
სრული უმრავლესობის ნებას.
მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო
სუვერენული ქვეყანაა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა
ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან
სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია”, –
განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დღეს, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში
არ დააყენებენ.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის
დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია
მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ
გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი,
რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული.
გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა,
სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა
და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ
მათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს,
ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და
პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა
ამის,ა უწყების ცობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს
ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს
სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე
ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის
განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში
საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე
ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი
ავალიანი.