დააკავეს კაცი, რომელმაც შსს-ს თანახმად, აქციის შემდეგ "მზიურში" სამეთვალყურეო კამერები დააზიანა
პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისთვის. შსს-ს გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, პარკ "მზიურში" მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში შემთხვევის თარიღი მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს.

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

28 ნოემბრიდან თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.
თბილისში მიმდინარე აქციებზე
სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. 3 დეკემბერს დაკავებული კიდევ ერთი ადამიანისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12