რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნის სიახლოვეს, ზეთისხილის
ხესთან პოლიციამ შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი
დააკავა.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ადგილზე მყოფმა საპატრულო
პოლიციის თანამშრომელმა განუცხადა, ჯვარშეიშვილი, სავარაუდოდ,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ჯვარშეიშვილი
ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული
უფლებადამცველი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გია ჯვარშეიშვილი დაკავებული იყო ერთი თვის წინაც. დეკემბრის
დასაწყისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ის
სამართალდამცველებმა დააკავეს.
მაშინ ჯვარშეიშვილი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ დაკავებისას
პოლიციელებმა მას ფიზიკური ძალა გამოიყენეს: „მანქანაში, გრძელ
სკამებს შორის დამაგდეს, ფეხებით შედგნენ და სახის დასაცავად სკამის
ქვეშ შეძვრომას ვცდილობდი, მაგრამ ზემოდან ისეთი ძალით ურტყამდნენ
ფეხსაცმლის ძირს, რომ აცილება შეუძლებელი იყო“.