იმპორტირებული არმატურა 26%-ით გაძვირდება - რა დაჯდება ერთი ტონის შემოტანა
საქართველოში იმპორტირებული არმატურა 26%-ით გაძვირდება. ამის მიზეზი მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 25 იანვრიდან იმპორტირებული ერთი ტონა არმატურა 420 ლარით (დღევანდელი კურსით 148 დოლარი) დაიბეგრება. გადაწყვეტილება ძალაში 7 თვის განმავლობაში, 1-ელ სექტემბრამდე იქნება.

2024 წელს არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე საშუალოდ 570 დოლარს შეადგენდა. დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ კი, მისი ღირებულება ტონაზე 718
დოლარამდე გაიზრდება.

Bpn.ge დაინტერესდა, რა რაოდენობის არმატურას და სად ყიდულობს საქართველო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში არმატურის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. მეტიც, 2024 წლის 11 თვეში (საქსტატს სრული წლის მონაცემები ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული), საქონლის იმპორტმა მაქსიმუმს მიაღწია. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 351 671 ტონა (200.424 მლნ აშშ დოლარის) არმატურა შემოვიდა, საშუალო ფასმა ტონაზე კი 570 დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, 2023 წლის იგივე პერიოდში საქონლის იმპორტმა 201 609 ტონა (119.901 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2022 წლის 11 თვეში - 148 877 ტონა (107,303 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 95 116ტონა (66,027 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც არმატურა ყველაზე დიდი რაოდენობით, შემოდის, იმპორტიორ ქვეყნებს შორის გასულ წელს ლიდერი იყო რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 51.3% მოდის.

უფრო დეტალურად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ხუთეულს, საიდანაც 2024 წლის 11 თვეში არმატურა ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა:
  • რუსეთი - 180 451 ტონა (104.134 მლნ აშშ დოლარი)
  • ირანი - 146 138 ტონა (80.097 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 18 951 ტონა (11.882 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 2 927 ტონა (1.741 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 2 539 ტონა (1.769 მლნ აშშ დოლარი)
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები