ბათუმელი აქტივისტი, ციალა ქათამიძე წერს, რომ ბათუმის პოლიციის
უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას,
როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს, თემურ ქათამაძეს
ქვეყნიდან „გააგდებდა“.
„ჩემს ოთახში შემოსულმა ირაკლი დგებუაძემ ჩვენს მედროშეზე
მითხრა, სულ რომ ვერაფერი, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო. ეგ
თურქი არაა, მუჰაჯირი არის-მეთქი! ეგ არის თურქი და თურქეთი ჩვენი
ქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო! შემომხედა ისეთი სახით, რომელსაც
ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს და ასახავს, ამ სახეს „ირაკლი
დგებუაძე“ ჰქვია!“ – წერს ციალა ქათამიძე
ფეისბუქზე.
ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც
ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, დღეს, 16 იანვარს,
გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებისთანავე
დააკავეს.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში
ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.
თემურ ქათამაძესთან შესვლას აპირებს სახალხო დამცველის
წარმომადგენელი.
„ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს ინფორმაციას.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე
დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მაშინ მან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა
პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.
თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ
საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო.