"ბიძინა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა"- მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: "ბიძინა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გარიგება არ იქნება"

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მათთან კონტაქტის მცდელობა ორჯერ ჰქონდა. ამის შესახებ ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ორჯერ ჰქონდა [ბიძინა] ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას ჭაობში
მიათრევს, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე - აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქით კი მომავალი. მას ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი საშიშია თავისი მენტალობით,“ — განაცხადა ხაზარაძემ.

არჩევნების შემდეგ „კაცი გამოგვიგზავნა“
წამყვანის კითხვაზე, როდის და რა ფორმით მოხდა კონტაქტის მცდელობა, ხაზარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას არჩევნების შემდეგ „კაცი გაუგზავნა“.

„არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც ისე გადააბალახებდა, როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი,“ — აღნიშნა მან.

ხაზარაძემ დასძინა, რომ საუბარი არ ეხებოდა პარლამენტში შესვლას ან კონკრეტულ საკითხებს: „ეს იყო მხოლოდ მოსინჯვა. მისი მეთოდია, რომ ვინმეს რამე შესთავაზოს, იყიდოს.“

2024 წლის არჩევნები და რეაქციები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა, რასაც თან ახლავს მასობრივი საპროტესტო აქციები და ოპოზიციის მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნაზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები