ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც
ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების
სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ. მზია ამაღლობლის ერთ-ერთი
ადვოკატის პაატა დიასამიძის ინფორმაციით ადვოკატებს ჯერ არ
ჩაჰბარებიათ სასამართლოს დასაბუთება.
„როგორ გავაგრძელებთ დავას, ამაზე
ვიმსჯელებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა
დიასამიძემ.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე
ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი
ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით
(Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
დოკუმენტში საუბარია აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული
პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების
ანალიზის ფონზე განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და
პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი
ინტენსიური შეზღუდვა.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პროკურორს სათანადოდ არ
დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის
ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო
საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა როგორც
გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი
ვალდებულებების დაკისრებაზე.
როგორც
სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, ბათუმის საქალაქო
სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ
უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი
დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების საკითხი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] თავმჯდომარემ,
ნონა ქურდოვანიძემ გუშინ, 20 იანვარს, განაცხადა, რომ თუ ქუთაისის
სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით
გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლიდა, მაშინ მისი ადვოკატები
სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. პრესკონფერენციაზე ნონა
ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს
მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.
საია ასევე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის
პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს
პოლიტიკური რეპრესიის სახეს.“ მეტიც, საიას განცხადებით პროკურატურამ
მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა
შეწყვიტოს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია
ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის
პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ
– ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა
მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული
ქმედებებს მოჰყვა.