ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
მხარდამჭერები, ლევან გოგია და დავით ყოლბაია, ფეისბუკზე შსს-ს
მაღალჩინოსანზე შეურაცხმყოფელი ტექსტის გამოქვეყნების გამო 1000-1000
ლარით დააჯარიმა.
კერძოდ, ენმ-ის მხარდამჭერები, რომლებიც ყოფილი პოლიციელები არიან,
სასამართლომ კანონდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას, საზოგადოებრივ
ადგილებში ლანძღვა-გინებასა და სხვა იმგვარ მოქმედებას გულისხმობს,
რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
მუხლი იწვევს
პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
საუბარია დავით ყოლბაიას ფეისბუკგვერდზე საპატრულო პოლიციის უფროს
ვაჟა სირაძის ოჯახზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ
სტატუსზე, რომელზეც ლევან გოგიას საჯარო კომენტარია.
ენმ-ის მხარდამჭერები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
მათი თქმით, სოციალურ ქსელებში დაუდგენელმა პირებმა მოახერხეს შეღწევა
და მათი სახელით ტექსტის დაწერა: “მე მგონია, რომ ეს იყო
კიბერდანაშაული, რომელიც გარკვეულმა ადამიანებმა ჩვენ წინააღმდეგ
გამოიყენეს”, - თქვა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ლევან
გოგიამ.
შსს-ს იურისტის, მარიამ კერესელიძის თქმით, მათ სასამართლოს
წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ სოციალური
ქსელის გვერდები, რომლებზეც სადავო სტატუსები დაიწერა, ეკუთვნით
გოგიას და ყოლბაიას, რაც გაითვალისწინა მოსამართლემ.