პაპუაშვილი: მედიის თვითრეგულირების მექანიზმები არაეფექტიანია, დაინერგება პროცედურები
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ახალი კანონმდებლობით, რომელიც მედიას შეეხება,
დაინერგება პროცედურები, რომლებიც მოქალაქეს „საშუალებას მისცემს, თავი დაიცვას ფეიკნიუსისგან”.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მედიის შიდა თვითრეგულირების ან ჟურნალისტური გაერთიანების მექანიზმი „არაეფექტიანია ფეიკნიუსთან ბრძოლაში“.

„ჩვენ დღევანდელი კანონმდებლობით თუ რეგულაციებით რაც გვაქვს, ერთია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არის საკმაოდ მწირი და ჩარჩოში ჩასმული. არის განვრცობილი მედიის შიდა ეთიკური
სტანდარტებით ან ცალკეული ჟურნალისტური გაერთიანების ეთიკური სტანდარტებით, მაგრამ ეს არის არაეფექტიანი.

თვითრეგულაციის ნაწილი არის არაეფექტიანი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს პროცედურები, რომლებიც არ იქნება მინდობილი თავად მედიაზე, რომელიც თავად გაავრცელებს დეზინფორმაციას და შემდეგ თავად იქნება დეზინფორმაციის აღმკვეთი, არამედ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს საშუალება, თავი დაიცვან ფეიკნიუსისგან“,
– თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული კანონმდებლობის მორიგი ტალღა გუშინ, 5 თებერვალს დააანონსა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მედიასაც. გუშინ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „მედიის კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები”.

„ოცნება“ ირწმუნება, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგი იქნება.

დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ვისაც კრიტიკული აზრი აქვს, მიმართოს „დიდ ბრიტანეთს ან საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს“.

უშუალოდ დოკუმენტი, სადაც საკანონმდებლო ინიციატივები იქნება ასახული, „ოცნებას“ ჯერ არ წარმოუდგენია.

მედიის თვითრეგულირების მექანიზმები არის სახელმწიფოს ჩარევისგან დაცვის საშუალება, რომელიც ქმნის მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საფუძველს. ამავე დროს მედიის შიდა თვითრეგულირების თუ პროფესიული გაერთიანების მექანიზმი ხელს უწყობს მედიის ეთიკის სტანდარტების დაცვას და ზღუდავს გადაცდომებს.

ხოლო მედიის მუშაობის სახელმწიფოს მიერ რეგულირება ქმნის მედიის ცენზურისა და გამოხატვის შეზღუდვის საფრთხეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Meta-მ არაერთხელ დაბლოკა „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი და პროფილი, ვინაიდან ისინი მოქმედებდნენ კოორდინირებულად და ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები