დღეს, 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის
ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის
გაუქმებაზე დაუშვებლად სცნო.
ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც
მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებია, მათ შორის, იყო
ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია.
პროკურორებმა ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი
ღონისძიების შეფარდების დროს სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული
დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაპატიმრება,
მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი, ყალბ დოკუმენტს დაეყრდნო: მზია
ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, იგი
პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], თუმცა
„ბათუმელების“ მიერ გადაღებული ვიდეოთი სიყალბე დასტურდება. ბათუმის
პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი
სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 150-ე მუხლით. ეს მუხლი დაკავებას საერთოდ არ
ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მზია ამაღლობელი დაკავების დროს არათუ შეუარაცსყოფას არ
აყენებს პოლიციელებს, არამედ საერთოდ არაფერს ამბობს.
აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მზია ამაღლობელის
ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვალს
მიმართეს.
რადგან მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების
შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო, ის ამ შუამდგომლობას არც სხდომაზე
განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი
გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი
საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით
ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას
წერს,“ – აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები: ნონა
ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი
ხიმშიაშვილი და მაია მწარიაშვილი.
————–
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“
დამფუძნებელია. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 34 დღეა შიმშილობს.
კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“
გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12
იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის
პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ
– ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო,
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა
მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ
ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე
ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის
სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო
სასამართლომ 2025 წლის 21 იანვარს.