V-Dem-ის (Varieties of Democracy) დემოკრატიის ანგარიშის თანახმად,
საქართველო გახდა საარჩევნო ავტოკრატია.
V-Dem-ის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოსთან ერთად
საარჩევნო ავტოკრატიად იქცნენ ინდონეზია და სალვადორის
რესპუბლიკა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდონეზიაში
დემოკრატია ჩამოიშალა 2024 წელს, არჩევნების „რეკორდულ წელს“… 2024
წლის საარჩევნო წელს საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,
ყველაზე დიდი წლიური ვარდნა ჰქონდა, რამაც ის საარჩევნო ავტოკრატიად
აქცია“, – ვკითხულობთ
ანგარიშში.
V-Dem-ის თანახმად, ახლა საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის
მოსახლეობის იმ 65%-ს შეუერთდა, რომელიც საარჩევნო ავტოკრატიაში
ცხოვრობს. ასეთია უნგრეთი, რუსეთი და სერბეთი.
V-Dem-ის შეფასებით, საქართველო, მოზამბიკთან და კომორთან ერთად, არის
იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2024 წელს ჩატარებული არჩევნები გაცილებით
ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვიდრე ათი წლის წინ
ჩატარებული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საარჩევნო დარღვევებმა და
საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევამ ევროპარლამენტი აიძულა, არ ეცნო
არჩევნების შედეგი.
„იმ ორი ქვეყნიდან, სადაც დემოკრატია 2024 წელს ჩამოიშალა, გასული
წლის დემოკრატიის ანგარიშში საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე
ქვეყანა, რომელიც თითქმის ავტოკრატიას მიუახლოვდა.
დემოკრატიზაციის პერიოდი სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის
თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით გაგრძელდა
2013 წლიდან 2017 წლამდე. შემობრუნება დაიწყო 2018 წელს და 2023
წლამდე თანდათან უარესდებოდა.
2024 წელს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და საქართველო გადაიქცა
საარჩევნო ავტოკრატიად. 2024 წლის საარჩევნო პროცესი გაყალბების
ბრალდებებით და მასობრივი პროტესტით ჩაიარა. ხელისუფლებამ პოლიტიკური
ოპოზიცია კრიმინალურ ძალად შეაფასა, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით
დაემუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
დააპატიმრეს და ბრალდებები წაუყენეს, შემოიღეს ახალი კანონი „უცხოური
აგენტების შესახებ“.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 ქვეყანაში, მათ შორის
საქართველოში, გვინეაში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში, პარტიების
შესაქმნელად სამართლებრივი და ფინანსური ბარიერების შექმნა სულ უფრო
გახშირდა.
V-Dem (დემოკრატიის ვარიაციები) არის უნიკალური მიდგომა დემოკრატიის
კონცეპტუალიზაციისა და გაზომვისთვის. V-Dem აღიარებს დემოკრატიის ხუთ
მაღალი დონის პრინციპს: არჩევნებს, ლიბერალიზმს, მონაწილეობას,
ჩართულობას და თანასწორუფლებიანობას და აგროვებს მონაცემებს ამ
პრინციპების შესაფასებლად.