12 წელი და 6 თვე - სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენეს
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლისა და 6 თვის წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომელმაც საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.

მოსამართლის განცხადებით, სასჯელი დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9-წლიან პატიმრობას და სააკაშვილს ჯამში 12 წელითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მიხეილ სააკაშვილს ასევე, სასჯელის მოხდის შემდეგ, 3 წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს მე-
3 პრეზიდენტს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით წარუდგინეს.

ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წარდგენილი. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები და მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სასამართლომ სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას მოიცავს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წლის 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google